მთავარი

ბიბლიური ტექსტები და უპირველესად - ფსალმუნი, სახარებები და ლექციონარი, ქართულ ენაზე IV-V საუკუნეებში ითარგმნა, რაც ფაქტობრივად დასტურდება V-VII საუკუნეების წერილობითი ძეგლებით (ხანმეტი ოთხთავი, გრაცის ხანმეტი ლექციონარი, ვენის ხანმეტი ლექციონარი, ძველი და ახალი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტები). ბიბლიურ ტექსტებზე დაყრდნობით ყალიბდებოდა ქართული სალიტერატურო ენა.

ბიბლიის ტექსტის კვლევის თანამედროვე ეტაპზე მეტად აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს ახალი აღთქმის თითოეული წიგნის შესწავლა და ამ წიგნების რედაქციების აკადემიურად მომზადებული ტექსტის პუბლიკაცია. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში შეისწავლება და გამოსაცემად მზადდება ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული წიგნების აკადემიური ტექსტები ძველ ბერძნულ, ებრაულ, სირიულ, კოპტურ და სხვა ენებზე. ხშირ შემთხვევაში შეისწავლება და გამოიცემა ცალკეული უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები. ამოცანის მიხედვით, აკადემიური ტექსტი დგინდება მოცემულ ენაზე არსებული ყველა უძველესი (თარგმანების შემთხვევაში) ან რედაქციის ფარგლებში წარმომადგენელი ხელნაწერების მიხედვით (ახალი აღთქმის ბერძნულ ენაზე შესრულებული ტექსტების შემთხვევაში). უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის თითოეული წიგნის ორიგინალისა და მისი უძველესი თარგმანების ურთიერთმიმართების შესწავლას.

ძველი და ახალი აღთქმის წიგნები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას განსხვავებულ სალიტერატურო სკოლებში ითარგმანებოდა, ხოლო შემდგომ არსებული ტექსტის რედაქტირება ასევე საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა რედაქტორის მიერ ხდებოდა. ამდენად, თითოეულ წიგნს თავისი თარგმნისა და რედაქტირების ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ ბიბლიის ქართული თარგმანის სრულყოფილად შესასწავლად აუცილებელია მისი თითოეული წიგნის ცალკე შესწავლა და გამოცემა.

ოთხთავის ქართული თარგმანის ცალკეული ხელნაწერების კვლევა და პუბლიკაცია XIX ს.-ის ბოლოს დაიწყო და XX ს.-ში ინტენსიურად გაგრძელდა (ნ. მარი, მ. ჯანაშვილი, ა. ხახანაშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, ს. ყაუხჩიშვილი, ივ. იმნაიშვილი, რ. ბლეიკი, მ. ბრიერი, ი. მოლითორი, ლ. ქაჯაია, ზ. სარჯველაძე). მიუხედავად რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა, ჯერაც არ გამოქვეყნებულა სახარებათა კრიტიკულად დადგენილი ტექსტი.

XX საუკუნის ბოლო ათწეულში პროფ. ზურაბ სარჯველაძის ხელმძღვანელობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნა მკვლევართა ჯგუფი (ე. გიუნაშვილი, გ. ნინუა, მ. მაჩხანელი, დ. თვალთვაძე, ს. სარჯველაძე), რომლის მიზანს წარმოადგენდა ოთხთავის ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტის დადგენა ოთხთავის ჩვენამდე მოღწეული ყველა ძველი ხელნაწერისა და უძველეს ლექციონარებში დაცული ოთხთავის საკითხავების ტექსტის შესწავლის საფუძველზე, რომელთა გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია სწორი დასკვნების გამოტანა ქართული ოთხთავის რედაქციათა შესახებ.
ოთხთავის აკადემიური ტექსტის მოსამზადებლად შექმნილი ჯგუფის მიერ 2000-2002 წლებში მომზადდა წინაათონური და ათონური რედაქციის სახარება-ოთხთავების კრიტიკული ტექსტის ელექტრონული გამოცემები უძველესი ხელნაწერების მიხედვით, კერძოდ:
1. The Old Georgian Four Gospels: Preatonian Redaction, on the basis of the original manuscripts, edited by Elguja Giunashvili, Manana Machkaneli, Sofio Sarjveladze, Zurab Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, Tbilisi and Frankfurt a/M. 1999-2002, ARMAZI version by Jost Gippert. Frankfurt a/M, 7.6.2000/26.9.2002. http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/nt/cinant/cinan.htm


2. The Old Georgian Four Gospels: Giorgi the Athonite’ Redaction (Giorgi the Hagiorite’s), on the basis of the original manuscripts, edited by Elguja Giunashvili, Manana Machkaneli, Sofio Sarjveladze, Zurab Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, Tbilisi and Frankfurt a/M. 1999 -2002, ARMAZI version by Jost Gippert. Frankfurt a/M, 7.6.2000/26.9.20 http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/nt/giornt/giorn.htm
3. The Old Georgian Four Gospels: Khanmeti and Adishi Redaction, on the basis of the original manuscripts, edited by Sophio Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, Tbilisi, 2001-2002. ARMAZI version by Jost Gippert. Frankfurt a/M, 26.3.2002/18.10.2002. http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/nt/adisnt/adisn.htm
2003 წელს გამოიცა უძველესი თარიღიანი ოთხთავის ტექსტი (ადიშის ოთხთავი 897 წლისა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ელგუჯა გიუნაშვილმა, დარეჯან თვალთვაძემ, მანანა მაჩხანელმა, ზურაბ სარჯველაძემ და სოფიო სარჯველაძემ, თბ., 2003).

2006-2009 წლებში INTAS-ის მოერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჯგუფის წევრთა მიერ მომზადდა ოთხთავის ტექსტების შემცველი ქართული ხელნაწერების კატალოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2006-2009 წლებში განხორციელდა პროექტი - „ძველი ქართული ბიბლიური ტექსტებისა და მათი კომენტარების ლინგვისტურ-ტექსტოლოგიური ანალიზი და გამოსაცემად მომზადება“, რომელიც დაფინანსდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „რუსთაველის ფონდის“ მიერ. ამ პროექტის ფარგლებში: ელგუჯა გიუნაშვილმა გამოაქვეყნა სინის მთაზე დაცული X საუკუნის ოთხთავის ტექსტი Sin-15 და Sin-30-38 ხელნაწერების მიხედვით („სინური ოთხთავი 978-979 წლებისა.“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ელგუჯა გიუნაშვილმა, გამომცემლობა „ნეკერი,“ თბილისი, 2010); მანანა მაჩხანელმა გამოაქვეყნა IX საუკუნის ანბანდიდის ხელნაწერში დაცული ლუკას და იოანეს სახარებების ტექსტი გამოკვლევითურთ („ანბანდიდი,“ სახარება-ოთხთავის IX საუკუნის ხელნაწერი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მანანა მაჩხანელმა, გამომცემლობა „ნეკერი,“ თბილისი, 2010); სოფიო სარჯველაძემ გამოაქვეყნა ოთხთავის წინარეათონური რედაქციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნუსხა გამოკვლევითურთ (ოთხთავის ქართული თარგმანის ერთ-ერთი უძველესი რედაქცია, ტექსტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული H-1240 XI ს. ხელნაწერის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო სოფიო სარჯველაძემ, გამომცემლობა „ნეკერი,“ თბილისი, 2010).

2013-2016 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტის „ლუკას სახარების ძველი ქართული თარგმანის აკადემიური გამოცემის მომზადება“ (N 31/64) ფარგლებში მომზადდა ლუკას სახარების ძველი ქართული თარგმანი, კრიტიკული ტექსტი უძველესი ხელნაწერების მიხედვით ( გამოსაცემად მოამზადეს ელგუჯა გიუნაშვილმა, დარეჯან თვალთვაძემ, სოფიო სარჯველაძემ და ეკა კვირკველიამ), რომლისთვისაც შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი http://ogg.tsu.ge/ (Old Georgian Gospels), რომელზეც ეტაპობრივად განთავსდება ჯგუფის მიერ მომზადებული მათეს, მარკოზის და იოანეს სახარებების კრიტიკულად დადგენილი ტექსტებიც.