პროექტის შესახებ

პროექტი - “იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტის გამოსაცემად მომზადება

• დონორი ორგანიზაცია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი FR17_170)
• პროექტის განხორციელების ვადები - 20.12.2017 – 20.12.2020
• პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. დარეჯან თვალთვაძე
• ძირითადი პერსონალი - ელგუჯა გიუნაშვილი, სოფიო სარჯველაძე, დარეჯან თვალთვაძე, თინათინ ჯიქურაშვილი
• დამხმარე პერსონალი - მარინე ოდიკაძე, ლევან ჯღარკავა

 

პროექტის შესახებ

ბიბლიური ტექსტები - უპირველესად ფსალმუნი, სახარებები და ლექციონარი, ქართულ ენაზე IV-V საუკუნეებში ითარგმნა, რაც ფაქტობრივად დასტურდება V-VII საუკუნეების ძეგლებში შემორჩენილი მასალით (ხანმეტი ოთხთავი, გრაცის ხანმეტი ლექციონარი, ვენის ხანმეტი ლექციონარი, ძველი და ახალი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტები). ბიბლიური თარგმანების ენაზე დაყრდნობით ყალიბდებოდა ქართული სალიტერატურო ენა.

რადგანაც ძველი და ახალი აღთქმის წიგნები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას განსხვავებულ სალიტერატურო სკოლებში ითარგმნებოდა, ხოლო შემდგომ არსებული ტექსტის რედაქტირება ასევე საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა რედაქტორის მიერ ხდებოდა, ამდენად, თითოეულ წიგნს თავისი თარგმნისა და რედაქტირების ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ ბიბლიის ქართული თარგმანის სრულყოფილად შესასწავლად აუცილებელია მისი თითოეული წიგნის ცალკე შესწავლა და გამოცემა.

ოთხთავის ქართული თარგმანის ცალკეული ხელნაწერების კვლევა და პუბლიკაცია XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო და XX საუკუნეში ინტენსიურად გაგრძელდა (ნ.მარი, მ.ჯანაშვილი, ა.ხახანაშვილი, ივ.ჯავახიშვილი, ა.შანიძე, ს.ყაუხჩიშვილი, ივ.იმნაიშვილი, რ.ბლეიკი, მ.ბრიერი, ი.მოლითორი, ლ.ქაჯაია, ზ.სარჯველაძე...). მიუხედავად რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა, ჯერაც არ გვაქვს ოთხთავის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი. 2016 წელს ელექტრონულად გამოქვეყნდა წარმოდგენილი პროექტის მონაწილეების მიერ მომზადებული ლუკას სახარების აკადემიური ტექსტი (http://ogg.tsu.ge/; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტი № 31/64 ), სადაც ლუკას სახარების თითოეული მუხლი ჩაიწერა რედაქციათა მიხედვით, დალაგდა ჯგუფებად და ქვეჯგუფებად ცალ-ცალკე, ჰორიზონტალურად ისე, რომ მკითხველს ნათელი წარმოდგენა ექმნება, თუ რომელ ხელნაწერში რა ტექსტი იკითხება. აღნიშნულ გამოცემაში გათვალისწინებულია ძველი ქართული ლექციონარებში დაცული ლუკას სახარების საკითხავებიც. იგივე ჯგუფი მუშაობს მათეს და მარკოზის სახარებების ამგვარი პუბლიკაციის მოსამზადებლად და ამ მხრივ უკვე შესრულებულია სამუშაოს დიდი ნაწილი. რაც შეეხება იოანეს სახარების ქართული თარგმანის ტექსტს, ტექსტოლოგიური თვალაზრისით ამგვარად სიღრმისეულად შესწავლილი ის აქამდე არ ყოფილა. კვლევის დღევანდელ ეტაპზე ბოლო ათწლეულებში მოპოვებული ფაქტობრივი და თეორიული მასალა განაპირობდა წარსულში შესრულებული სამუშაოს გაგრძელების აუცილებლობას, რომ

ამჯერად იოანეს სახარების მიხედვით ყოფილიყო შესწავლილი ოთხთავის ძველი ქართული თარგმანის ტექსტის რედაქციების საკითხი.

პროექტის მიზანი - ახალი აღთქმის წიგნის, იოანეს სახარების, ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტის გამოსაცემად მომზადება უძველესი სრული თუ ფრაგმენტული ხელნაწერების მიხედვით და მისი ვებგვერზე განთავსება.

კვლევის ობიექტი - იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის ტექსტი - დაცულია 300- მდე ძველ ქართულ ხელნაწერში (სრული და ფრაგმენტული ხელნაწერები, ლიტურგიკული კრებულები)

კვლევის მეთოდოლოგია - იოანეს სახარების ქართული თარგმანის რედაქციების შესწავლა დაემყარა ძველი და ახალი აღთქმის ტექსტუალური კრიტიციზმის რამდენიმე მეთოდს: კერძოდ, ვერბალური შინაგანი და გარეგანი ტექსტუალური კრიტიციზმის მეთოდებს. კოდიკოლოგიური საკითხების კვლევისას გამოიყენებული იქნება აღწერითი და და შედარებითი მეთოდებიც. ვერბალური კრიტიციზმის მეთოდის მეშვეობით შესწავლ იქნა გადამწერთა ორთოგრაფიული, კალმისეული და გრამატიკული შეცდომები; აღინუსხა ყოველგვარი ვარიანტი, რაც აკადემიური გამოცემების კრიტიკულ აპარატში აისახა. გარეგანი კრიტიციზმის მეთოდის მეშვეობით (კოდიკოლოგიურთან ერთად) დაზუსტდა ხელნაწერთა თარიღი. შინაგანი კრიტიციზმის მეთოდის მეშვეობით შეისწავლება ახალი აღთქმის წიგნთა უადრესი თარგმანები, რომლებსაც ქართული თარგმანიც განეკუთვნება, განისაზღვრება სათარგმნი დედანი და დგინდება თავდაპირველი თარგმანის არქეტიპი.

ტექსტის შესახებ

პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა იოანეს სახარების ტექსტის შემცველი 51 ძველი ქართული ხელნაწერი (სრული, ფრაგმენტული ნუსხები და ლექციონარებში დაცული საკითხავები) და იოანეს სახარების კრიტიკულად დადგენილი ტექსტი გამოსაცემად მომზადდა წინაათონური პერიოდის რედაქციების 28 ხელნაწერის (X- A-89/A-844, ხანმეტი ოთხთავის პალიმფსესტური ფრაგმენტები; C - ადიშის ოთხთავი ს.ი.ე.მ. 22 (897 წ.); Ad ანბანდიდი (IX-X სს.); O - ოპიზის ოთხთავი (Ivir. georg. 83, 913 წ.); D - ჯრუჭის I ოთხთავი (H – 1660, 936 წ.), E - პარხლის ოთხთავი A – 1453 (973 წ.), R -Sin.Geo.O. 15 (978 წ.), P - Sin.Geo O. 30-38 (979 წ.), s - S-405 (X ს.), fr.-13 - H -3181, 1 ფ. (X ს.), B - ბერთის I ოთხთავი, 998 წ. MS Georgian 1(ჰიუსტონის ბიბლიოთეკა, ჰარვარდი, აშშ); T - წყაროსთავის ოთხთავი A-98 (X ს), b - ქურაშის I ოთხთავი A-1699, H-1886, H-1887 (X ს.); L -ტბეთის ოთხთავი (995წ.) რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (პეტერბურგი); A - ქსნის ოთხთავი A-509; რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (პეტერბურგი); (Xს.); F - ურბნისის ოთხთავი (XI ს.); M - მესტიის ოთხთავი, ს.ი.ე.მ. 1, 1033 წ.; G- პალესტინური ოთხთავი (1048 წ.); M - მარტვილის ოთხთავი, შ-391 (1რ-140ვ) (X ს); 141რ-193ვ (1050 წ.); o Kut-176 (X-XI სს.); h - H-1240 (XI ს.); S - Sin.Geo.O. 16 (XI ს.); c - S-962 , ქუთ.-668 (1 ფ.) (1054 წ.); v- Kut-363 (XI ს.); l – ლიხაურის ოთხთავი Q-645 (XI ს.); fr-17 - H-1792 (XI ს.); w – Vienna Georg.1 (XI ს.); t - A-18 (XII სს.), გიორგი მთაწმიდლისეული რედაქციის 12 ხელნაწერის (a- ალავერდის ოთხთავი, A-484, 1054 წ.; α – კალიპოსის ოთხთავი, Kut. 76, 1060 წ.; V - ვატიკანის ოთხთავი XI ს.; n - შავი მთის ოთხთავი, A 845; o– Ivir. georg. 62, XI ს.; N - Sin.- 19, 1074 წ.; Q - Jer.-49, XI ს.; H - ვანის ოთხთავი, A-1335, XII-XIII სს.; I - ეჩმიაძინის ოთხთავი, XII- XIII სს..; K - გელათის ოთხთავი, Q-908 , XII-XIII სს.; f – იენაშის ოთხთავი, ს.ი.ე.მ. მესტია №73, XIII ს; d - ქურაშის II ოთხთავი (XII-XIII სს.) და ლექციონარის 11 ძველ ქართულ ხელნაწერში დაცული იოანეს სახარების საკითხავების მიხედვით (Lx - ხანმეტი ლექციონარი სინიდან (Gr.-2058/1); Le -ხანმეტი II ლექციონარი H-1445; Lh - ჰაემეტი ლექციონარი (H-1329, VIII s.); Lk - კალის ლექციონარი (X ს.); Lc - O/Sin-47 (977 წ.); Ls - სინის ლექციონარი O/Sin-37 (982 წ.); Ll - ლატალის ლექციონარი (X ს.); Lg - გრაცის ლექციონარი (X ს.) (Gr.-2058a); Lp - პარიზის ლექციონარი (XI ს.); Lz - O/Sin-63 (X ს.); Ly - O/Sin-74 (X ს.).

იოანეს სახარების ტექსტი ელექტრონულ ვერსიაში წარმოდგენილია შემდეგი სახით:

იოანეს სახარების თითოეული მუხლის აკადემიურად დადგენილი ტექსტი ჩაწერილია რედაქციებად, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების მიხედვით ცალ-ცალკე, ჰორიზონტალურად ისე, რომ მკითხვლის ნათელი წარმოდგენა ექმნება, თუ რომელ ხელნაწერში რა ტექსტი იკითხება. მუხლებს ქვევით დართულია სქოლიოები, სადაც მითითებულია, თუ რომელი ხელნაწერის მიხედვითაა წარმოდგენილი ეს ტექსტი და რომელ მანუსკრიპტშია ამ ადგილას ლაკუნა. იქვე მითითებულია ხელნაწერთა ვარიანტული წაკითხვები, სადაც აისახა მცირე სხვაობები, ორთოგრაფიული და კალმისეული შეცდომები. ამგვარადვეა მომზადებული და სახარების ძირითად ტექსტს ერთვის იოანეს სახარების ძველი ქართული ლექციონარების საკითხავებში დაცული ტექსტიც.

პროექტის ძირითადი შედეგები:

პროექტის განხორციელების შედეგად ქართული ფილოლოგიური მეცნიერება გამდიდრდა იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული გამოცემით, რომელიც გამოცემულია ელექტონულად და ხელმისაწვდომია სამეცნიერო წრეებისთვის. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის შემცველი ათეულობით ხელნაწერი, რომელთა უდიდესი ნაწილი ტექსტოლოგიური და კოდიკოლოგიური თვალსაზრისით სიღრმისეულად აქამდე შესწავლილი არ ყოფილა, ან საერთოდ არ იყო გამოვლენილი და შესწავლილი. მომზადდა და ელექტონულად გამოიცა იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის შემცველი 51 უძველესი ხელნაწერის მიხედვით დადგენილი ტექსტი, რომელიც ასახავს წინაათონური პერიოდის რედაქციების შემცველი 28 ხელნაწერის, ათონური ( გიორგი მთაწმიდლისეული) რედაქციის 12 ნუსხისა
და ლექციონარის 11 ხელნაწერში დაცული იოანეს სახარების საკითხავების ტექსტურ
მასალას. იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის ხელნაწერის შესწავლისა და ჩატარებული ტექსტოლოგიური კვლევის შედეგად მიღებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც ახალი ფაქტებით ავსებს სახარება-ოთხთავის ქართული თარგმანის შესახებ არსებულ ცოდნას. ჩატარებული ტექსტოლოგიური კვლევის შედეგების ამსახველი სამეცნიერო პუბლიკაციები ნათელს ხდის სახარების ქართულად თარგმნა-რედაქტირების ისტორიის აქამდე უცნობ რამდენიმე საკითხს, რასაც დაეყრდნობა დარგში შემდგომი კვლევა-ძიება, როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ასპექტში. პროექტის ფარგლებში გამოცემული იოანეს სახარების ტექსტი სანდო წყაროა შემდგომი ფილოლოგიური, ლინგვისტური თუ ლიტერატურათმცოდენობითი კვლევებისთვის და შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ზოგადად ბიბლიოლოგიის, ისე შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის წერილობითი მემკვიდრეობის მრავალი ასპექტის შესწავლისათვის.

კვლევის შედეგების გაცნობა სამეცნიერო წრეებისთვის პუბლიკაციების, მოხსენებების და პრეზენტაციების სახით.

• დ. თვალთვაძე, ს. სარჯველაძე - “EVERYTHING FROM GREEK AND AS EVERYTHING IS IN GREEK” - WHY AND HOW THE OLD GEORGIAN TRANSLATION OF THE FOUR GOSPELS WAS CORRECTED IN THE 11TH CENTURY? - 56th Linguistics Colloquium Translation, Multilinguality and Cognition (Online)26.-28.11.2020 http://www.lingcoll.de/ https://drive.google.com/file/d/1JeYBfND9igidWnuGqNXI9kdgLAnCcHHe/view

• დ. თვალთვაძე, НЕКОТОРЫЕ ВОПРОСЫ ИЗ ИСТОРИИ ДРЕВНЕГРУЗИНСКОГО ПЕРЕВОДА ЕВАНГЕЛИЯ. IX МЕЖДУНАРОДНАЯ НАУЧНАЯ КОНФЕРЕНЦИЯ “КАВКАЗ: ИСТОРИЯ РЕГИОНА, ИСТОРИЯ ИССЛЕДОВАНИЙ” , ПОЗНАНЬ-ЖЕШУВ
2020 ОНЛАЙН, 3-4 ДЕКАБРЯ 2020

• ს. სარჯველაძე, Old Georgian Versions and Manuscripts of the Gospel of John, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე (10 გვერდი) წარდგენილია დასაბეჭდად).

• დ. თვალთვაძე, ოპიზის ოთხთავის ტექსტისათვის (გაცხოველებული, კორექტირებული და რედაქტირებული ადგილები ოპიზის ნუსხაში), თსუ ქართული ენის ინსტიტუტის შრომები, ქართველური ენათმეცნიერება, VI-VII, თბ., 2019-2020, (25 გვერდი)

• ს.სარჯველაძე, სინის ლექციონარში დაცული სახარების ერთი საკითხავისათვის, თსუ ქართული ენის ინსტიტუტის შრომები, ქართველური ენათმეცნიერება, VI-VII, თბ.,
2019-2020, (10 გვერდი)

• დ. თვალთვაძე, გვიან რედაქტირებული ოთხთავის კიდევ ერთი ხელნაწერი ათონური კოლექციიდან (Ath. 83), 2020 წლის 26 თებერვალი. თბილისი, თსუ აკაკი შანიძის დაბადებიდან 133 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია პროგრამა და მოხსენებათა აბსტრაქტები https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_humanities/akaki_shanidze_2020_98286.pdf

• დ. თვალთვაძე, სახარების საკითხავები ლიტურგიკულ კრებულში „საწელიწდო სახარება“, 3-5 ივლისი, 2020. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XIV საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია (მიძღვნილი აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი).

• დ. თვალთვაძე, ე. კვირკველია - სვანეთის მუზეუმში დაცული სახარების ტექსტის შემცველ ხელნაწერთა ფრაგმენტები, თსუ ქართული ენის ინსტიტუტის შრომები, ქართველური ენათმეცნიერება, V, თბ., 2018, გვ.41-55.

• დ. თვალთვაძე, ს. სარჯველაძე, ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ოთხთავის ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტის დასადგენად (ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მივლინების ანგარიში) ,
17.12.2019, თბილისი

• ს. სარჯველაძე, ახალი მასალები ოთხთავის ქართული თარგმანის პროტოვულგატური რედაქციისათვის, სადოქტორო კოლოკვიუმი, თსუ. 2019

• დ. თვალთვაძე, „ბერძულსა შეაწამა და ყოვლისა ნაკლულევანებისაგან განასრულნა“- რას მოგვითხრობს გიორგი მცირე სახარების ტექსტზე გიორგი მთაწმინდელის მუშაობის შესახებ, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია, 13.06.2018

• დ. თვალთვაძე, ს. სარჯველაძე - „იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტის გამოსაცემად მომზადება“ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (N FR17-170) შედეგების პრეზენტაცია, 18 დეკემბერი, 2020. თსუ (online)

 

პროექტის შემსრულებელი სამეცნიერო ჯგუფი გეგმავს ამ საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას და ელექტრონულად გამოცემული იოანეს სახარების ტექსტის ბეჭდური სახით გამოქვეყნებას ვრცელ გამოკვლევასთან ერთად.

• პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ენის ს/ს ინსტიტუტში, ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი FR17-170).